დავით მუჯირი - სუპერთასი ახალი ფორმატით ივლისში გათამაშდება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა აღმასკომის სხდომაზე, სადაც, ვიცე-პრეზიდენტების არჩევასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღეს – დაამტკიცეს 2023 წლის საშეჯიბრო დებულება, ასევე ცნობილი გახდა როდის გათამაშდება ახალი ფორმატით საქართველოს სუპერთასი.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც წინა წლებში დავიწყეთ და უეფასთან სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული, გაგრძელდება. ასევე დამტკიცდა ლიგა 2-ის, ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის დებულებები.
აქვე ვიტყვი, რომ სანაკრებო მატჩებისა და ახალგაზრდული ევრო 2023-ის მასპინძლობის გამო ზაფხულში ეროვნულ ლიგაში ჩვეულებრივზე ხანგრძლივი პაუზა იქნება. შესაბამისად, ჩემპიონატში შესვენება 9 ივნისს დაიწყება და 5 აგვისტომდე გასტანს.
შეცვლილი ფორმატით გაიმართება საქართველოს სუპერთასის გათამაშება და მასში ორის ნაცვლად 4 გუნდი ითამაშებს. ეროვნული ლიგის სამივე პრიზიორი – თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“, ასევე თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“.
ეს გუნდები სუპერთასს ივლისის დასაწყისში გაითამაშებენ. შესაბამისად, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან. ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნულ ლიგაში და ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდებს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 2023 წლის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები ცნობილია – გორის „დილა“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ბათუიმის „დინამოს”. წყვილში გამარჯვებული გუნდები ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.