დავით მუჯირი ორკვირიანი შეკრების დაწყებამდე იმ გუნდებს შეხვდა, რომლებიც 2020-2021 წლების სეზონზე ჩვენს ქვეყანას ევროტურნირებზე წარმოადგენენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა კლუბებს ინფორმაცია ევროტურნირების გამართვის სავარაუდო სცენარის შესახებ მიაწოდა. დღევანდელი მოცემულობით, 2020-21 წლების სეზონის ევროტურნირების დაწყების სავარაუდო თარიღად 25 აგვისტო სახელდება. ამის შესახებ უფრო კონკრეტულად უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 17 ივნისს იმსჯელებს. ამას გარდა, კლუბებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ინფორმაცია ეროვნული ლიგის განახლების პროტოკოლის შესახებ.
„ევროტურნირების განახლების რამდენიმე სცენარი განიხილებოდა. შეგვატყობინეს, რომ სავარაუდო სცენარი შეცვლილია და 11 აგვისტოს ნაცვლად, დაწყება 25 აგვისტოსთვის იგეგმება. ამის შესახებ უეფას აღმასკომი 17 ივლისს იმსჯელებს. ევროტურნირებზე მონაწილე კლუბებს ამიტომ შევხვდით და ეს სცენარი გავაცანით. პირველად, სავარაუდოდ, თბილისის „დინამო“ ითამაშებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის გათამაშება უფრო ადრე იწყება“ – ამბობს მუჯირი.
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ჩემპიონატში მონაწილე ათივე კლუბის წარმომადგენლებს, მატჩების მომსახურე ოფიციალურ პირებსა და მსაჯებს პირველი ტესტირება Covid 19-ზე უკვე ჩაუტარდათ და ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე კი, ყველა მათგანი განმეორებით ტესტს ჩაიტარებს.