დავით მუჯირი - ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა ევროპულ მოთხოვნებსა და სიახლეებს ფეხი უნდა აუწყოს
თბილისმა კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებში სემინარს უმასპინძლა. მისი ინიციატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გახლდათ, ხოლო ორგანიზატორი – უეფა.
შინაარსობრივ ნაწილს უეფას კლუბების ლიცენზირების წარმომადგენლები გაუძღვნენ – მასში მონაწილეობდნენ აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც კლუბების ლიცენზირების პროცესში მონაწილეობენ, ასევე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩართული 12 ქართული კლუბის ხელმძღვანელები.
სემინარის მიმდინარეობისას ევროპული საკლუბო ფეხბურთის მონაცემთა ანალიზი და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს.
კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებში სემინარი საქართველოში პირველად ჩატარდა. სფფ-ს ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი ლიცენზირების პროცესის ევროპული სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფაა.
სემინარი დავით მუჯირმა გახსნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ინიციატივის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხების სემინარი ქართული კლუბებისათვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და აუცილებელი გამოცდილების გაზიარებაა, რათა ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა ევროპულ მოთხოვნებსა და სიახლეებს ფეხი აუწყოს,” – ამბობს დავით მუჯირი.