დავით მუჯირი - პროფლიგამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მომავალ სეზონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა პროფესიული ფეხბურთის ლიგის ჩამოყალიბება იყო და მუჯირმა განაცხადა, რომ ამ ლიგის შექმნას გარკვეული მიზეზები უშლის ხელს.
„სეზონის დაწყებამდე სხვადასხვა საკითხზე კლუბების წარმომადგენლების მოსაზრებები მოვისმინეთ. რამდენიმე კლუბის ინიციატივაა, რომ ფეხბურთის პროფესიული ლიგა შეიქმნას. ამას დრო და გარკვეული გარანტიები დასჭირდება, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია ამ სურვილის განხორციელებას ხელს შეუწყობს.
თუმცა, საამისოდ აუცილებელია, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. მთავარი ისაა, რომ პროფლიგის შექმნაზე ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის ოცივე კლუბი შეთანხმდეს, შემდეგ კი ერთობლივად იმოქმედოს.
ფედერაცია პროექტის განხორციელებას ხელს შეუწყობს, მაგრამ ეს ჯერ დისკუსიის პირველი ეტაპია და ვერ დაგპირდებით, რომ მალე დამთავრდება, რადგან ძალიან ბევრი გარემოებაა, რომელმაც პროექტს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს. ამიტომ ყველა დეტალი გასათვალისწინებელი იქნება.
მერვე სეზონია, რაც ეროვნული ლიგა დაარსდა და ჩემპიონატს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. ძალიან კარგია, რომ ძლიერი გენერალური სპონსორი გვყავს და ჩვენი პარტნიორების რაოდენობა გაიზარდა. კარგი იქნება, თუ გაჩნდება დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად გაიზიარებს.
თუ ამ პასუხისმგებლობას ის სრულად აიღებს, ეს უკეთესი იქნება. ჩვენგანაც არის მოთხოვნები, რომლებიც ახალ იურიდიულ პირს აიძულებს, ლიგის მუშაობა იმ კუთხით წარმართოს, რაც სამომავლოდ ქართულ ფეხბურთს წაადგება“, – ამბობს დავით მუჯირი.