დავით მუჯირი - მაყურებლის დაშვების საკითხი ჩვენი ინიცირებული იყო, ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ვალდებულება აიღო #1TVSPORT
დავით მუჯირი - მაყურებლის დაშვების საკითხი ჩვენი ინიცირებული იყო, ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ვალდებულება აიღო #1TVSPORT

9 სექტემბერს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ბათუმის ახალ არენაზე ტრიბუნების ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი მაყურებლის რაოდენობა დაიშვება. Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა, სადაც ეს საკითხი ჩვენი ინიცირებით განიხილეს და სასიხარულოა, რომ გულშემატკივარი დაგვიბრუნდება. სტადიონზე შესვლა პროცედურულად გართულდება, ამიტომ გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, რომ დროულად არენაზე მოვიდეს. მატჩამდე სამი საათით გაიღება ყველა კარი და იმედი მაქვს, თამაშის დასაწყისში ეს მესამედი მხურვალედ უქომაგებს ნაკრებს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრის სახით მე-12 მოთამაშე გვეყოლება და იმედი მაქვს, ეს დადებითად აისახება ჩვენი ნაკრების თამაშსა და შედეგზე. იცით, რომ ბათუმში ნაკრებმა პირველად კოსოვოსთან ითამაშა და სამწუხაროდ, დავმარცხდით. იმედი მაქვს, პირველი თამაში მაყურებლის თანდასწრებით წარმატებული იქნება ჩვენი გუნდისთვის“.

დავით მუჯირის თქმით, მაყურებლის დაშვების გადაწყვეტილება ჯერ ეროვნულ ლიგაზე არ გავრცელებულა:

„ჯერჯერობით, ეროვნულ ჩემპიონატსა და სხვა სპორტულ შეჯიბრებებზე რეგულაციები უცვლელია. ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ვალდებულება აიღო და მზაობა გამოვთქვით, რომ საბერძნეთთან მატჩი ყველა რეგულაციის დაცვით გაიმართებოდა. ვაცნობიერებთ, ჩვენი ნაკრებისთვის გულშემატკივრის როლი რამდენად მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ ახალ სტადიონზე გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვოს“.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დამსწრე გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი/ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი/ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

„ბათუმი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 9 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.