დავით მუჯირი - ბელარუსთან მატჩის გადადებას იმიტომაც ვითხოვთ, რომ მეტოქის მიღებაც გართულდება
დავით მუჯირი - ბელარუსთან მატჩის გადადებას იმიტომაც ვითხოვთ, რომ მეტოქის მიღებაც გართულდება

ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალური თამაშის გადადება იმიტომაც გვსურს, რომ მეტოქე და ჩვენი გუნდის მოთამაშეთა მიღებაც გართულდება“ – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას დავით მუჯირმა.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაა. ეს ქვეყანაში შესვლისას უსაფრთხოების გარკვეული ზომების დაცვას, მათ შორის, პიროვნების იზოლირების აუცილებლობასაც გულისხმობს.

„მთელს მსოფლიოში კორონავირუსის საფრთხის გამო, მოთამაშეთა მგზავრობა და გადაადგილება გართულდა. მაგალითად, მაკედონიელებიც ამის გამო ითხოვენ კოსოვოსთან მატჩის გადადებას, რადგან მათი რამდენიმე მოთამაშე იმ ქვეყანაში თამაშობს, სადაც კორონავირუსის მაღალი საფრთხეა. მათ კი პანდევის და იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელების გარეშე მატჩის ჩატარება არ სურთ. ანალოგიური პრობლემა მათ იმ შემთხვევაშიც შეექმნებათ, თუკი პირველ მატჩს მოიგებენ და საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. ჩრდილოეთ მაკედონიელებიც მატჩის გადადებას ითხოვენ. ჩვენ არ გვსურს ამ მატჩის უმაყურებლოდ გამართვა, რადგან ისტორიული თამაშია” – აცხადებს დავით მუჯირი.

ერთა ლიგის „დ“ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის 26 მარტს „დინამო-არენაზე“ უნდა გაიმართოს. მაგრამ ჯერ უეფა-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, დაუშვას თუ არა მაყურებელი.

26 მარტს სკოპიეში დაიგეგმა ერთა ლიგის „დ“ ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის – ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაყურებლოდ ჩატარდება.