დავით მუჯირი ლიგის თასით კმაყოფილია - ფუტსალისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშებით კმაყოფილია. მისი თქმით, ახალმა გათამაშებამ გაამართლა.
„თასის გათამაშების მთლიანი სეზონი დაძაბული გამოვიდა. ფინალიც სანახაობრივი იყო. ჩვენს ქვეყანაში ამ სპორტისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდება. სხვა ჩემპიონატებს ფუტსალის ლიგა 2-ც დაემატა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თსუ-ს მივულოცო ტიტულის მოპოვება. „თელასს“ კი ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში წარმატებებს ვუსურვებ“, – ამბობს მუჯირი.
ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, ეროვნული ნაკრების წევრებს ეროვნულ სარბიელზე გაზრდის საშუალება გაუჩნდათ – „სასიამოვნო ფაქტია, რომ იმ ფეხბურთელებს, ვინც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებად მოიაზრებიან, აქვთ შესაძლებლობა ამ შეჯიბრებით ნაკრების თამაშებისთვისაც უკეთ მოემზადონ. მათ ძალიან მნიშვნელოვანი წელი აქვთ, შემდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მორიგი ეტაპი გაიმართება. ასე რომ, ყველა ლიგის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს და მიღწეულ შედეგებს ვულოცავ“.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ტიტულის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში თელასი 3:2 დაამარცხა.