დავით მუჯირი - ევრო 2024-ზე წარმატებით გამოსვლა გვსურს, გულშემატკივრის დახმარებით კი ამის დიდი შანსია #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გერმანიის მიმართულებით გულშემატკივრებისთვის ჩარტერული რეისების სუბსიდირება დააანონსა.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ევრო 2024-ზე გასვლისთვის ნაკრების პრემიალური თანხა 850 ათასი ლარიდან 3 მილიონამდე გაზარდა.
„მადლობა უნდა გადავუხადოთ მთავრობას. ჩვენი გულშემატკივრები, რომელთა წვლილიც ამ გამარჯვებაში დიდია, ნაკრებს გერმანიაშიც გაამხნევებენ. როგორც მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა აღნიშნეს, ჩემპიონატზე ტურისტებად არ მივდივართ და კიდევ ვაპირებთ ევროპის გაკვირვებას.
გულშემატკივრის დახმარებით წარმატების უფრო დიდი შანსი გვაქვს, რაც ჩვენს ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა. იმ ქომაგებს, რომლებიც გერმანიაში თამაშებს დაესწრებიან, შესაძლებლობა აქვთ, რომ კომფორტულად იმგზავრონ.
ნაკრები გერმანიის სამ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს – დორტმუნდში – თურქეთთან, ჰამბურგში – ჩეხეთთან და გელზენკირხენში – პორტუგალიასთან. წარმატება გულშემატკივრების აქტიურობაზეც იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება პრემიას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში არსებობს მთავრობის დადგენილება, რომლითაც სპორტული მიღწევებისთვის პრემიალური თანხები განისაზღვრება. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის იყო გათვალისწინებული 850 ათასი ლარი. სასიხარულოა, რომ თანხა გაიზარდა და ჩვენს ფეხბურთელებს 3 მილიონი გადაეცემათ.
დარწმუნებული ვარ, მათ ევროპის ჩემპიონატზე მოტივაცია არ აკლიათ. მათი დამატებითი სტიმულია, ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ბევრი სიხარული მიანიჭონ. ამიტომ ნაკრების თითოეულ წევრს წარმატება უნდა ვუსურვოთ“, – განაცხადა დავით მუჯირმა.