ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„შესაბამის სამინისტროებთან და მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდეს. პირველი ორი ტურის შედეგები შენარჩუნდება და პირველობა მესამე ტურიდან გაგრძელდება. თუმცა, ფორმატი შეიცვალა და ოთხის ნაცვლად გუნდები ორ წრედ ითამაშებენ“ – განაცხადა დავით მუჯირმა.
მან უსაფრთხოების ზომებზეც ილაპარაკა: „თამაშების განახლებამდე ფეხბურთელების ტესტირება ჩატარდება ორჯერ: პირველად 1-7 ივნისს, მეორედ კი უშუალოდ მატჩების განახლებამდე, 22-24 ივნისს. ტესტირებას მთალიანად ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს“.
სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაზეც ილაპარაკა: „ასევე გაიმართება დავით ყიფიანის თასის გათამაშება, თუმცა სხვადასხვა ლიგის გუნდები სხვადასხვა ეტაპებიდან ჩაერთვებიან. ევროთასებზე მონაწილე გუნდები გათამაშებაში სექტემბრიდან მერვედფინალიდან ჩაერთვებიან“.