დავით მუჯირი - დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ჩვენი მსაჯები წამყვან ევროტურნირებს განსჯიან
„ფიფა“-ს (FIFA) ორგანიზებით, მსაჯთა ინსტრუქტორების კურსს თბილისი მასპინძლობს. მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება და 13 ქვეყნის 46 წარმომადგენელი თეორიული და პრაქტიკული სწავლების საშუალებით მსაჯთა ინსტრუქტორად გადამზადდება.
ექვსდღიანი სასწავლო კურსის მონაწილეთა შორის 31 მსაჯთა ტექნიკური ინსტრუქტორია, 15 – მსაჯთა ფიტნესინსტრუქტორი. სემინარებში საქართველოს ოთხი ქალი და ექვსი მამაკაცი მსაჯი წარმოადგენს. სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მონაწილეები 5 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩს -„ლოკომოტივი“ – „ტორპედო“ დაესწრებიან.
„კურსის მთავარი მიზანი მსაჯთა როგორც ტექნიკური, ისე ფიტნესინსტრუქტორების მომზადებაა. თბილისში 13 ქვეყნის წარმომადგენლები სხვადასხვა სამსაჯო საკითხის შესახებ უახლეს და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ“, – ამბობს „ფიფა“-ს ინსტრუქტორი ფარხად აბდულაევი.
სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დარწმუნებულია, რომ ეს სემინარი ქართველი არბიტრების წინსვლას წაადგება.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სტანდარტს მხარი ავუბათ. ქართველ მსაჯებს საშუალება ეძლევათ, კლასიფიკაციაში დაწინაურდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში ჩვენი არბიტრები წამყვანი ევროტურნირების მატჩების განსჯას შეძლებენ. ამ მიზნის მისაღწევად, ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს და აღნიშნული კურსი ამის კიდევ ერთი დასტურია“, – განაცხადა დავით მუჯირმა.