დავით მუჯირი - ჩვენი წარმომადგენელი პირველად იყო უეფა-ს აღმასკომში კანდიდატად წარდგენილი და პირველივე ცდაზე გაიმარჯვა #1TVSPORT
უეფა-ს აღმასკომში ლევან კობიაშვილის არჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის ინდიკატორია, – ამის შესახებ სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ლისაბონში გამართული უეფას 47-ე კონგრესის შემდეგ განაცხადა.
„ლევან კობიაშვილის უეფა-ს აღმასკომის წევრად არჩევა ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა. მინდა, წარმატება ვუსურვო და, უპირველესად, მივულოცო ქართველ გულშემატკივარს, რადგან დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი პირველად იყო აღმასკომში კანდიდატად წარდგენილი და პირველივე ცდაზე გამარჯვება მოვიპოვეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლევანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით ავირჩიეთ და უეფა-ს აღმასკომშიც ამდენივე ხნითაა არჩეული. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მისიაა და დარწმუნებული ვარ, მისი მუშაობა ევროპულ ფეხბურთს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ჩვენ მნიშვნელოვანი წელი გველოდება, 21 ივნისიდან 21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ და ჩვენთვის დიდი მონაპოვარია, რომ სფფ-ს პრეზიდენტი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.
ძალიან სასიხარულოა, ის გარემოებაც, რომ ლევანის მიერ რვაწლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელებული პროექტები უეფა-მ დადებითად შეაფასა. დღეს ნახავდით შედეგებს – ის აღმასკომის წევრი უმრავლესობის მხარდაჭერით გახდა.
ეს ჩვენთვისაც ინდიკატორია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და, რა თქმა უნდა, არ შევანელებთ წინსვლას. საქართველოში ფეხბურთის განვითარების იმ სტრატეგიას, რომელიც უეფა-სთან ერთად გვაქვს შემუშავებული, მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ“, – ამბობს დავით მუჯირი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არჩევას ლისაბონში გამართულ 47-ე კონგრესსზე ხმა 40 დელეგატმა მისცა და კობიაშვილი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში იმუშავებს.