დავით მუჯირი - ჩემი ინფორმაციით, „ტორპედო“ ვარჯიშს ხვალ დაიწყებს
დავით მუჯირი - ჩემი ინფორმაციით, „ტორპედო“ ვარჯიშს ხვალ დაიწყებს

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოში“ არებულ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს სუპერთასის მფლობელ გუნდს გააჩნია „ტორპედოს” მოთამაშეების, მწვრთნელებისა და პერსონალის დავალიანება და არა – ფეხბურთის ფედერაციის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, არსებული დავალიანების დასაფარად ვადის გადაწევის თაობაზე ქუთაისის მერიამ და იმერეთის მხარის ადმინისტრაციამ უშუამდგომლა. ამავე დროს, მუჯირის თქმით, ქუთაისის „ტორპედო” ვარჯიშს ხვალ განაახლებს.

„ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებებში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ლიცენზირების კომიტეტი გუნდების მონიტორინგს წინა წლებშიც ახორციელებდა. წელს „ტორპედო“ იყო ერთ-ერთი კლუბი, რომლის მიმართაც კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. განსაზღვრულ ვადებში ქუთაისის „ტორპედომ“ მოახერხა დავალიანებების გასტუმრება – მაგალითად ის, თანხა, რომელიც 25 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. ახლა ლიცენზირების კომიტეტში მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს“ – ამბობს დავით მუჯირი.

მუჯირის ცნობით, ქუთაისის „ტორპედო“ ვარჯიშს განაახლებს: „ჩემი ინფორმაციით, კლუბი ვარჯიშს და სეზონისთვის მზადებას ხვალიდან დაიწყებს, ხოლო კლუბის ამჟამინდელი მფლობელები და ქუთაისის მერია „ტორპედოსთვის“ ახალი ინვესტორის მოძიებისა და გაძლიერების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. იმედია, გუნდი სეზონის დაწყებამდე სპორტულად და ფინანსურად ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება“.