დავით მუჯირი ბელარუსთან მატჩზე - ყველაზე მნიშვნელოვანი, სტადიონზე არსებული ატმოსფერო იქნება
საქართველო-ბელარუსის 26 მარტს დანიშნულ დაპირისპირებამდე ერთი თვით ადრე მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრამდე დაფიქსირებული ეს ფაქტი ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტოა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.
„საქართველოს და ბელარუსის მატჩისადმი უდიდესი ინტერესია არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებში, არამედ მთლიანად, საზოგადოებაში. ამაზე მატჩამდე ერთი თვით ადრე ბილეთების გაყიდვა მეტყველებს, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს და ნაკრებს აქვთ იმის პოტენციალი, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან დავით მუჯირი.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ბელარუსთან მატჩის დაწყებამდე ტრიბუნები შეავსონ.
„26 მარტისთვის ფეხბურთის ფედერაცია გუნდისა და გულშემატკივრებისთვის სიურპრიზებს გეგმავს. ახლა გუნდს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დღეს სტადიონზე არსებული ატმოსფერო იქნება. ყველას მივმართავ, რომ ტრიბუნები მატჩის დაწყებამდე უჩვეულოდ ადრე გავავსოთ, რათა ნაკრებმა მოედანზე გასვლისთანავე დიდი მხარდაჭერა იგრძნოს“ – აცხადებს მუჯირი.