დავით მუჯირი - ბათუმის ახალ სტადიონზე ეროვნულმა ნაკრებმა რომ ითამაშოს, გარკვეული პროცედურებია გასავლელი
ერთა ლიგის მეორე გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 და 18 ნოემბერს სომხეთისა და ესტონეთის ეროვნულ გუნდებთან გამართავს. უეფა-ს ცნობით, ეს მატჩები ბათუმის ახალ არენაზე გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით განმარტება სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სურვილი იყო, რომ მატჩები ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულიყო. რის შესახებაც მიმდინარე წლის ზაფხულში ეცნობა უეფა-ს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მასპინძელი სტადიონის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არსებული ვითარების გათვალისწინებითა და უეფა-სთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში მიიღებს.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სურვილია, რომ ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშების დასკვნითი ორი ტური, სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ბათუმში გავმართოთ. ამის შესახებ ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ იმ ვადებში, რომლებიც დადგენილია უეფა-ს მიერ, უფრო კონკრეტულად ეს მოხდა ზაფხულში.
იმისთვის, რომ ახალ სტადიონზე ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშოს გარკვეული პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ იმაზე დაკვირვებით თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, როგორ მოხერხდება ყველა იმ პროცედურის შესრულება, რომელიც სტადიონის გახსნისთვის აუცილებელია, მათ შორის, სატესტოდ მატჩის გამართვა“, – განაცხადა დავით მუჯირმა.
სფფ-ის გენერალური მდივნის თქმით, საკითხი მალე გადაწყდება: „დღევანდელი მდგომარეობით, ეს ინფორმაცია არსებობს იმიტომ, რომ რეგულაციების შესაბამისად, წინასწარ ვაცნობეთ უეფა-ს ჩვენი სურვილის შესახებ, რომ სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩების მასპინძლობა ბათუმში გვსურს. უცვლელი რჩება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი სტადიონი. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ნოემბრის თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება“.