დავით მუჯირი - ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს, უეფა-ს მატჩის გადადებას ვთხოვთ
„უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენი სურვილია, რომ ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალური თამაში გადაიდოს“ – ეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“დავით მუჯირმა განაცხადა.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა თავისი მოსაზრება მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე დაასაბუთა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოთამაშეთა ინტერესი და ჯანმრთელობა. საქართველოს ნაკრებში კი ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში თამაშობენ. კორონასაფრთხის გამო მათი მგზავრობაც გართულდა და შემოსვლაც. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რის გამო თამაშის გადადება გვსურს“ – ამბობს დავით მუჯირი.
ერთა ლიგის „დ“ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს „დინამო-არენაზე“ უნდა გაიმართოს. მუჯირის თქმით, უეფა-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია: `მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მატჩის გადადეbას ვთხოვთ. ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს”.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს სკოპიეში დაგეგმილი ერთა ლიგის „დ“ ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის, ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაყურებლოდ ჩატარდება.