დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრების საკითხის განხილვა პროცედურების დაცვით მოხდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა პროცედურების სრული დაცვით მოხდება.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემაში ბევრი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ჩანაწერი იყო, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო ხელისუფლება უზენაესი სასამართლოში წევრობის კანდიდატებს თავად წარადგენს.
„რეფორმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ პარლამენტი ამ პროცესში თავისი საზედამხედველო ფუნქციით ერთვება, ანუ, ფორმალური მხარიდან აქტიურ მხარეზე გადავინაცვლეთ. იუსტიციის საბჭომ კანდიდატები წარმოადგინა, ახლა ჯერი პარლამენტზეა. პარლამენტი ამ საკითხს პროცედურების სრული დაცვით განიხილავს. კანდიდატებს აუცილებლად მოვუსმენთ. თუ კითხვები არსებობს, პასუხებიც უნდა გაეცეს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.