დავით მაისაშვილი - „დილას“ ახალი მწვრთნელის ტაქტიკას კარგად შევეგუეთ
გორის „დილას“ კაპიტანმა დავით მაისაშვილმა თურქულ შეკრებაზე გამართული პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა რუსეთის რეგიონული ლიგის კრასნოდარის „ყუბანი” 1:0 დაამარცხა.
„რაც შეეხება „ყუბანთან” მატჩს, შეხვედრამ გვაჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, არა მხოლოდ შედეგიდან, არამედ თამაშის მიმდინარეობიდან და მასში არსებული პოზიტიური მონაკვეთებიდან გამომდინარე”, – განაცხადა „დილას“ კაპიტანმა.
გორის გუნდის პრეს-სამსახურთან საუბარში 33 წლის გამოცდილმა მცველმა მატჩი და ზოგადად შეკრება ნაყოფიერად შეაფასა: „გუნდი შეკრებაზე ორჯერადად ვარჯიშობს და ზოგადი შეფასებით, შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. ახალმა მწვრთნელმა გუნდში ახალი ტაქტიკა დანერგა და გუნდი მასთან ადაპტირებას ვცდილობთ. ვფიქრობ, რომ ამას კარგად ვახერხებთ“.
გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 11 თებერვალს უზბეკურ „ქიზილქუმთან” ჩაატარებს.