დავით მაღრაძე - დღეს ჩვენ საქართველოს დახუთული სივრცისგან ვიცავთ
დავით მაღრაძე - დღეს ჩვენ საქართველოს დახუთული სივრცისგან ვიცავთ

დღეს ჩვენ საქართველოს დახუთული სივრცისგან ვიცავთ, – ეს განაცხადა მოძრაობა „გადაარჩინე საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით მაღრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„წინა ხელისუფლების დროს აგრესიული ხელისუფლებისგან ვიცავდით, რასაც სულიერი და ფიზიკური დასახიჩრება, გარდაცვლილები, ჭირისუფლები მოჰყვებოდა ხოლმე, დღეს კი დახუთული სივრცისგან ვიცავთ, რომელსაც ორი პოლიტიკური ძალა ხუთავს“, – განაცხადა მაღრაძემ.

ამ განცხადებით დავით მაღრაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, კონკრეტულად ვისგან ან რისგან უნდა დაიცვას საქართველო მოძრაობამ „გადაარჩინე საქართველო“. მისი თქმით, მოძრაობა „გადაარჩინე საქართველო“ ქვეყანას იცავს ამ ორი პოლიტიკური ძალისგან, რომელიც მთელ დროს მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებაში ატარებს.

„ორივეს მხარდამჭერები ჩემს და ჩვენს საწინააღმდეგოდ განვაწყვე. ყველა ერთბაშად გაღიზიანდა და ყველა ერთბაშად მიხვდა, რომ ის ამოცანა, რომელიც შეიძლება, ეროვნული ხარისხის ამოცანად დაისახოს, იმ დღეს ითქვა. ასეთი იყო თავყრილობა, თუ ისეთი, შეიძლება, ეროვნულ ხარისხში ერთი ამოცანა ავიდეს, რომ „ოცნება“, რომელმაც მურუსიძე სასამართლოდან ამოაძრო და თავის პოლიტიკურ სახედ აქცია, ხელისუფლებას უნდა ჩამოსცილდეს ისე, რომ „ნაციონალები“ ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, აქ დევს 2020-ისთვის გამარჯვების ფორმულა“, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არის ხალხი, ვისაც დიდი პოლიტიკური გამოცდილება დაუგროვდა და მომავალ არჩევნებზე ისინი თავის სიტყვას იტყვიან. მაღრაძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიულ საქმიანობაში თავის თავს ვერ ხედავს და არც აპირებს, დაინახოს.

„მე ვრჩები ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში, ჩემს მეგობრებში, ჩემს ქვეყანაში და ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.