დავით მაჭავარიანი - როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი, ცხოვრებაში პირველად ვნახე ის ადამიანი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა
ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მონაწილე, დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი აცხადებს, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა. მაჭავარიანის თქმით, მის მეგობარს, რომელიც საქმეზე სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მას ჰქონდა რეაქცია. მისივე თქმით, მის მეგობარს, რომელიც დაკავებულია, სახეზე დაზიანება აქვს.
„არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის, მათ გინებაზე ჰქონდა საპასუხო რეაქცია, გაბრაზება. არ ვიცი, რისთვისაა დაკავებული“, – აცხადებს დავით მაჭავარიანი.
მისივე თქმით, თავად ინციდენტის მონაწილეებს მხოლოდ აშველებდა.
„სასამართლომ ვადა მომცა, რომ დამატებითი მტკიცებულებები წარმოვადგინო. მილიონი სათვალთვალო კამერით და ძალიან ბევრი მოწმის ჩვენებით ისედაც დამტკიცებულია, რომ არაფერ შუაში ვარ. არანაირ პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა ეს კონფლიქტი და სასაცილოა ამაზე საუბარი. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ კონფლიქტის დაწყების დროს. როცა დავინახე, რომ ჩოჩქოლი იყო, თბილისში დაბრუნების საკითხს ვარკვევდი, რადგან ერთი დღით ქუთაისის აეროპორტში გაჩერება მოგვიწია. ბერლინიდან ჩამოვფრინდით, სადაც კონცერტზე ვიყავით.
როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი. ცხოვრებაში პირველად ვნახე ის ადამიანი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა. მე აქეთ ჩემს მეგობარს ვაწყნარებდი, მონაწილეობა მხოლოდ გაშველებაში მივიღე. დავამშვიდე ეს ადამიანები და მორჩა ამით კონფლიქტი, უკნიდან მგონი კიდევ ვიღაცამ დამარტყა, ოღონდ არ ვიცი, ვინ. სისულელეა პოლიტიკური იარლიყების მიწებება. რა ძველი ბიჭები, რა დახვედრა, ცოტა მეტი სიყვარულით იყავით დაკავებული. გეყოფათ ეს ბოროტება. გამორიცხეთ დაპირისპირებები. ვიყავით იქ დაღლილი ადამიანები, რომლებიც უამინდობის გამო შეფერხებულ ბარგს ველოდებოდით“, – განაცხადა დავით მაჭავარიანმა.
მისი მეუღლის მარიამ ძნელაძის თქმით, ისინი აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები არიან.
„ბერლინიდან წინა დღით ჩამოვფრინდით და ძლიერი ქარის მიზეზით აეროპორტში შეფერხების გამო დროულად ვერ ავიღეთ ბარგი. ღამე იქ გავათენეთ. ის დრო, როცა აეროპორტში მოვხვდით, წინასწარ არ იყო შეთანხმებული. ვცდილობდით, თბილისში წავსულიყავით. პოლიტიკური სარჩულის დადება აბსურდია. ჩვენ ვართ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები, რასაც ისიც მოწმობს, რომ არჩევნების დროს საქართველოში საერთოდ არ ვიყავით. ამ ფაქტისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება და იმის თქმა, რომ სპეციალურად ვიყავით აეროპორტში, რათა ვინმესთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა, არის აბსურდი“, – აცხადებს მარიამ ძნელაძე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე იმსჯელა. ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
ამჯერად სასამართლომ ამ სამი პირის შესახებ იმსჯელა. ამ დროისთვის, სამივე მათგანი გათავისუფლებულია. მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილსა და გიორგი კერვალიშვილს ადმინისტრაციული ჯარიმა – 700-700 ლარი დააკისრა, დავით მაჭავარიანის საქმის განხილვა კი გადაიდო. მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.