დავით ლორთქიფანიძე - 13 მაისი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში განსაკუთრებული დღეა #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ საქართველოსთვის 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამოს“ გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყველას ახსოვს ის განსაკუთრებული ემოციები, ქალაქში გამოსვლა და სავსე სტადიონი. თუმცა, მე ამას სულ სხვა კუთხით შევხედავ, რადგან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ისტორიული ფაქტების ანალიზთან ვარ დაკავშირებული.
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საბჭოთა ეპოქაში და, საერთოდ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ეს არის განსაკუთრებული დღე. ვერ გავიხსენებ მსგავს ამბავს, რომ ამდენი ადამიანი ქუჩაში ასეთი პოზიტიური ამბის გარშემო გაერთიანებულიყოს.
შესაძლოა, ქუჩაში მეტი ადამიანიც გამოსულა, მაგრამ ეს იყო დემონსტრაცია და პროტესტი. ამიტომ ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვიტყვი, რომ, ბატონო ვოვა („საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანს, ვლადიმერ გუცაევს მიმართა), თქვენმა თაობამ ისტორიული ფაქტი შექმენით და ჩვენს ეს უნდა გვესმოდეს.
რეალურად, ეს „დინამო“ იყო საქართველოს ნაკრები. ახალკაცი იყო პროცესის არქიტექტორი. ჰარვარდის ბიზნესსკოლაში კურსებზე სწავლისას წარმოდგენილი ქეისებიდან ერთ-ერთი ალექს ფერგიუსონის იყო. მისი მაგალითით უნდა გესწავლა – ნოდარ ახალკაცი მას არაფრით ჩამორჩებოდა, არცერთ კომპონენტში. რაც ფერგიუსონს ჰქონდა, „დინამოში“ ახალკაცმა დანერგა.
სხვათა შორის, ეს „დინამო“ იყო ქართული პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისოდან საუკეთესოა ადაპტირებული და შენი ინდივიდუალური გაქვს დამატებული. ახლახან გასაოცარ ფაქტს ვკითხულობდი – ფეხბურთში და რაგბიში არცერთი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი უცხოელი მწრთნელის ხელმძღვანელობით არ გამხდარა. ამიტომ ახალგაზრდებს და მომავალ თაობებს მივმართავ – ვიფიქროთ იმ არამატერიალურზე, იმ გრძნობაზე, რაც ერთიანობის იდეაა. 1981 წლის 13 მაისს სწორედ ეს შეძლო ნოდარ ახალკაცმა“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.