დავით კვირკველია - ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში თამაში დაიმსახურა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთის“ მთავარმა მწვრთნელმა, დავით კვირკველიამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდის მეპატრონე მამუკა ჯუღელი ამბიციური კლუბის ჩამოყალიბებას გეგმავს.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ „ფაზისი არენის“ საკითხზეც გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ სტადიონი ახალი სეზონისთვის მოწესრიგდება და ეროვნული ლიგის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
„საგარეჯოს „გარეჯთან“ უშუალოდ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგაში თამაშს იმსახურებდა. საცოდაობა იქნებოდა, ფოთი ფეხბურთის გარეშე დარჩენილიყო. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ამ წარმატებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე.
ახალი სეზონისთვის გეგმებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ გუნდის მფლობელმა, მამუკა ჯუღელმა თავად თქვა, რომ კარგი ლეგიონერების ჩამოყვანა სურს. ერთი ის ვიცი, რომ მამუკა თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს. საერთოდ, უამბიციო გუნდში არასოდეს მისულა. სამომავლო გეგმებზე დავსხდებით და დავილაპარაკებთ.
რაც შეეხება ახალი სეზონისთვის „ფაზისი არენის“ მზადყოფნას – მინდვრის საფარის მოგვარებაზე მამუკა მუშაობს. ფოთში ბევრი გულშემატკივარია, საკუთარ სტადიონზე უნდა ვითამაშოთ და არა სხვა ქალაქში. ფოთის მერიასა და საკრებულოში დიდი სურვილი აქვთ, რომ „კოლხეთს“ ეროვნული ლიგის გუნდის შესაფერისი პირობები ჰქონდეს და ამ საკითხზე მუშაობენ.
დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის ფედერაციაც დაგვეხმარება. სხვათა შორის, სტადიონზე ტრიბუნის დამატებაზეც არის ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ, საფარის პრობლემაც მოგვარდება“, – ამბობს დავით კვირკველია.