„დინამო თბილისის“ მცველი დავით კობოური კარიერას უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, „უიპეშტში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დავით კობოური კარიერას „უიპეშტში“ გააგრძელებს. „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის მას კლუბში გატარებული პერიოდისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს“, – წერს „დინამო თბილისის“ ოფიციალური ვებგვერდი.
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს უნგრული კლუბიც გამოეხმაურა:
„ჩვენი გუნდი ცენტრალური მცველით გაძლიერდა – დავით კობოური საქართველოს ყველაზე წარმატებული და უძველესი საფეხბურთო კლუბის, თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. Იგი გარკვეული პერიოდი ჩეხურ „კარვინაშიც“ თამაშობდა. კობოური „უიპეშტში“ საქართველოს ოთხგზის ჩემპიონის სტატუსით მოდის“.
დავით კობოური „დინამო თბილისის“ პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა, მისი ფორმით ყველა ტურნირზე 200 შეხვედრა ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კობოური „დინამო თბილისთან“ ერთად ოთხჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა. 25 წლის მცველმა ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ბოლო დროს კი ეროვნულ გუნდშიც იწვევდნენ.
შეგახსენებთ, რომ „უიპეშტში“ ორი წლის წინ გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე თამაშობდნენ. უნგრეთის 20-გზის ჩემპიონი მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.