დავით კერესელიძე - „ტორპედოს“ მენეჯერად ჰესლერი შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ მჭედლიძე დავნიშნეთ #1TVSPORT
„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ მეპატრონეა, გუნდის წინაშე არსებული დავალიანების შესახებ მედიასთან პირველად ილაპარაკა.
„გუნდში დეტალური აუდიტორული შემოწმება ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ სასამართლო დავა მიმდინარეობს ორ კომპანიასთან, რომელთაც „ტორპედოს“ წინა მფლობელებთან სასპონსორო ხელშეკრულება აკავშირებდათ და თანხის დაბრუნებას ითხოვენ. შესაძლოა, ეს დავალიანება სამ მილიონამდე იყოს. ამავე დროს, ფეხბურთელების ნაწილის თანხაც გასასტუმრებელი იყო, მაგრამ ეს ვალი მაქსიმუმ 100 ათას ევროს აღწევდა“, – განაცხადა „ტორპედოს“ მეპატრონემ.
დავით კერესელიძის თქმით, ამჟამად კლუბს ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული დაფინანსება აქვს:
„მე რაც ვიცი, ამჟამად „ტორპედოს“ ეროვნული ლიგის კლუბებში ერთ-ერთი გამორჩეული ბიუჯეტი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტმა საინტერესო რამ მითხრა, რომ დიდი დაფინანსების დროს შედეგი არ ჰქონდა, შემდეგ ბიუჯეტი შეამცირა და გუნდმა უკეთესი შედეგი აჩვენა. ანუ, დიდი ხელფასები ძლიერი გუნდის გარანტია არაა. სამწუხაროდ, ჩვენც ბოლო ტურებში წარმატებით ვერ ვითამაშეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, მდგომარეობა გამოსწორდება“.
„გამოუცხადებთ თუ არა კახა ჩხეტიანს ნდობას ხანგრძლივი ვადით და გაჰყვებით თუ არა მის გეგმებს“, – „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ კომენტარი ამ შეკითხვაზეც გააკეთა:
„რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს – რომ ვთქვა, მესამე ლიგაში გავვარდებით და მწვრთნელით კმაყოფილი ვიქნები-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ კახა ჩხეტიანისადმი ნდობის პრობლემა არ გვაქვს. ის არის შედეგზე პასუხისმგებელი და გვჯერა, საქმეს თავს კარგად გაართმევს“.
კერესელიძემ სხვა საინტერესო ამბავიც გაამხილა: „სხვათა შორის, როდესაც გუნდში მივედით, „ტორპედოს“ მენეჯერად ტომას ჰესლერის (გერმანიის ნაკრებში ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო 10-იანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი) კანდიდატურა შემოგვთავაზეს, მაგრამ ჩვენ გიორგი მჭედლიძე დავნიშნეთ. ლევან მჭედლიძის კი იმედი გვაქვს, რომ გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარება“.