დავით კერესელიძე - სახოს გადმოსვლა სხვა ტრანსფერებისა და პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ გუნდის ახალწვეულის, მამადუ სახოს წარდგენისას ამ გარიგებასა და სხვა მოსალოდნელ ტრანსფერებზე ისაუბრა.
„სახოს ტრანსფერი არა მარტო ქუთაისის „ტორპედოსთვის“, არამედ ქართული ფეხბურთისთვისაც ახალი ფურცელია. პირველი და უმთავრესი სპორტული შედეგებია. „ტორპედოს“ კი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მოთამაშე და ამ მენტალიტეტის გუნდში დამკვიდრება სჭირდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოხმაურებაა. როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მამადუ სახო საქართველოში მოდიოდა, უცხოურ მედიაში „ტორპედოსთან“ დაკავშირებით უამრავი სტატია დაიწერა. დღეს ბევრმა აგენტმა დამირეკა და ყველა ვიღაცის აყვანას მთავაზობდა, ორმა ძალიან სერიოზული ფეხბურთელი მირჩია.
სამი წელი გავიდა, რაც „ტორპედოში“ მოვედი და ვთვლი, ბევრი რამ შევძელით და ახლა უფრო მეტს მოვახერხებთ. სახოს ტრანსფერმა ქუთაისის „ტორპედო“ ევროპულ რადარებზე გამოაჩინა და ინტერესი გაჩნდა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება.
მამადუს სახით ჩვენი გუნდის ახალგაზრდებს ძალიან კარგი მრჩეველი ჰყავთ და მის გვერდით უფრო გაიზრდებიან. ის ქუთაისის „ტორპედოს“ და ქართული ფეხბურთის ელჩი იქნება. მჯერა, რომ კარს გაუხსნის სხვა მნიშვნელოვან ტრანსფერებს და სხვადასხვა სასარგებლო პროექტს. 12-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოღებული გვქონდა, ის ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგებს გადავეცით. თუმცა, დღეიდან სახო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი იქნება“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.