დავით დოლაბერიძე - „ტორპედო“, სახოს გარდა, სხვა ტრანსფერებსაც გეგმავს, ნანისთან მოლაპარაკებები აღარ გაგრძელებულა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრების, პსჟ-ისა და „ლივერპულის“ ყოფილი მცველის, მამადუ სახოს გარდა, კონფერენს ლიგის მატჩებამდე ქუთაისის „ტორპედო“ სხვა საინტერესო მოთამაშეების დამატებასაც გეგმავს.
ქუთაისური კლუბის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ვარსკვლავთან, ლუიშ ნანისთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობდა.
„ჩვენი კლუბის პოლიტიკა უცვლელია და ტრანსფერები, რა თქმა უნდა, კიდევ იქნება – საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელების დამატებას ვგეგმავთ. ვფიქრობ, რომ მამადუ სახოს დონის ფეხბურთელის საქართველოში ჩამოსვლა არა მხოლოდ ქუთაისის „ტორპედოსთვის“, არამედ, ზოგადად, ეროვნული ლიგისა და ქართული ფეხბურთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მოხარულები ვართ, რომ ასეთი პრეცედენტი შევქმენით.
ვადასტურებ, რომ ნამდვილად გვქონდა მოლაპარაკებები ლუიშ ნანისთან, რომელშიც პირადად ვიყავი ჩართული, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მოლაპარაკება აღარ გაგრძელებულა“, – განაცხადა დავით დოლაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა (112 მატჩი, 24 გოლი) და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი ლუიშ ნანი ბოლოს თურქულ „ადანა დემირსფორში“ თამაშობდა.