დავით ბობოხიძე - დარწმუნებული ვარ, მაყურებელი რომ ყოფილიყო, დღეს მოვიგებდით
დავით ბობოხიძე - დარწმუნებული ვარ, მაყურებელი რომ ყოფილიყო, დღეს მოვიგებდით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (თსუ) ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წინასწარი ტურის მატჩში უნგრეთის „ბერეტიუიფალუს“ ბოლო წამამდე ებრძოლა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მაინც დამარცხდა 3:4.

თსუ-ს მთავარი მწვრთნელი დავით ბობოხიძე წაგებით გულდაწყვეტილია და ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც საქართველოს ჩემპიონმა ვერ მოიგო.

„ჩვენმა გუნდმა თამაში ბოლოსკენ აჩვენა. ეს გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ოთხ თვეში პირველი თამაში იყო. ჩვენი მიზანი იყო, რომ საწყისი წუთები გადაგვეგორებინა, დასანანი შეცდომები არ დაგვეშვა, თამაში გვეგრძნო და რიტმს ავყოლოდით. ვიცოდით, რომ ასე წუთიდან წუთამდე მოვუმატებდით და მერე ჩვენი თამაში წავიდოდა. მეტოქე შესწავლილი გვყავდა და ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ საწყის წუთებში თამაშის რიტმის დაჭერა ვერ შევძელით. ამას მსაჯის შეცდომა დაემატა, რომელმაც ჩვენს კარში ექვსმეტრიანი საჯარიმო უსაფუძვლოდ დანიშნა“, – ამბობს დავით ბობოხიძე.

თსუ-ს მწვრთნელმა გუნდს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა: „ბიჭებს დღევანდელი თავდადებითვის მადლობა მინდა გადავუხადო. სათანადოდ მოსამზადებლად 3-4 კვირა საკმარისი არაა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით ვემზადებოდით. გული იმაზე დამწყდა, რომ ოთხი მოთამაშე დაგვაკლდა, რომლებიც ნაკრების კანდიდატები არიან. დაგვაკლდა გულშემატკივარიც, ვიცით, როგორ უყვართ ქართველ გულშემატკივრებს ფუტსალი, ვიცით, როგორი გამხნევება შუეძლიათ და დარწმუნებული ვარ, ისინი რომ ყოფილიყვნენ, დღეს მოვიგებდით“.