დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ძალადობასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდებას უარყოფს
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ძალადობასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდებას უარყოფს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებას მასზე ძალადობასთან დაკავშირებით ცილისწამებას უწოდებს.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება, რაც დამტკიცდება. არანაირ ზეწოლას და ძალადობას ქალბატონ ანაზე ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი უკავშირდება ე.წ. სამეფო ტიტულების გაყოფის საქმეს და 90 000 ლარის ქონების გაყოფას. ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ხვდება რომ, ორივე პროცესს აგებს“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მისივე თქმით, დაკითხვასთან დაკავშირებით მათთვის ჯერ არავის მიუმართავს.

„მიჩნდება კითხვა, დავუშვათ, მართლაც ჰქონდა ამგვარ ფაქტს ადგილი, ხუთი წლის წინ სად იყვნენ და რატომ მაშინ არ გაახსენდათ? ხუთი წელი კიდევ მოეცადათ და უფრო კარგად შეიტანდა საჩივარს. ქალბატონი ანა არასოდეს ყოფილა საგურამოში, ერთი ღამე არ გაუთენებია იმ სახლში. შეიძლება, ერთი-ორჯერ მიიყვანა ბავშვი, სახლში დატოვა და წამოვიდა უკან. მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა 2012 წელს, მათ შორის ურთიერთობა არის ბავშვიდან გამომდინარე. ექსპერტიზას რაც შეეხება, თუ ექსპერტმა იცოდა ამ დანაშაულის შესახებ, რატომ არ დარეკა პოლიციაში? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ძალიან ცუდად ეჩხირება ამ დავაში. არ გამოვრიცხავთ, რომ გაყალბებულია. თავისუფლება რატომ უნდა აღეკვეთა დავითს ყოფილი მეუღლისთვის, როცა თავისი სურვილით გაწყვიტა ქორწინება ორი წლით ადრე“, – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობა, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში განხორციელდა, მათი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა. მისივე თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ორი დღის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი, რაც არის თავისუფლების აღკვეთა.