დავიდ სილვას „მანჩესტერ სიტიში“ ერთი წელი დარჩა
დავიდ სილვას „მანჩესტერ სიტიში“ ერთი წელი დარჩა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა დავიდ სილვამ გამოაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონი ბოლო იქნება მისთვის ინგლისური კლუბის რიგებში.

„პრემიერლიგის შემდეგი გათამაშებით დავასრულებ გამოსვლას „მანჩესტერ სიტიში“. ვფიქრობ, 10 წელი ერთ კლუბში თამაში საკმარისია. იდეალური მომენტია წასასვლელად. გუნდში კიდევ ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ გადავწყვიტე, ხელშეკრულება მხოლოდ ერთი წლით გავახანგრძლივო, რათა გუნდი 10-წლიანი კარიერის შემდეგ დავტოვო. ეს მრგვალი რიცხვი დაასრულებს ციკლს“, – მოჰყავს ესპანელის სიტყვები „სკაი სპორტს“.

33 წლის დავიდ სილვა ოთხჯერ გახდა „სიტისთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ინგლისის ლიგის თასი და ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასი. გასულ სეზონში ესპანელმა 33 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.