„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი დავიდ სილვა მიიჩნევს, რომ ინგლისში გადასვლა მისი ცხოვრების ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი და ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც ოდესმე მიუღია. სილვა აღიარებს, რომ ესპანელი ფეხბურთელების უმეტესობის ოცნება „რეალ მადრიდში“ ან „ბარსელონაში“ თამაშია და რომ, „სიტიში“ გადასვლამდე, მისით ორივე ეს გრანდი იყო დაინტერესებული.
„სიტის წარმომადგენლები თვეების განმავლობაში მირეკავდნენ და მთხოვდნენ, ჩვენთან გადმოდიო. მეც ვიფიქრე, რომ ვისაც ყველაზე ძლიერად სურდა ჩემთან კონტრაქტის გაფორმება, სწორედ მათთან წავიდოდი. მაშინ ჯერ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, მათ კი საუკეთესო დრო ნამდვილად არ ედგათ – განქორწინების პროცესი ჰქონდათ დაწყებული. ჩემი ქვეყნიდან წასვლა ამიტომაც იყო კარგი გადაწყვეტილება. ახლა ვხვდები, რომ ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესი ნაბიჯი გადავდგი“, – ამბობს სილვა ინტერვიუში, რომელიც მას ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა ჩამოართვა.
ფეხბურთელმა გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შესახებაც ისაუბრა და მას ფეხბურთს გენიოსი უწოდა.
„პეპ გვარდიოლას ერთი საოცარი თვისება აქვს: მან წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს მოედანზე და ისე გიხსნის ყველაფერს, რომ წამსვე ხვდები, რა უნდა გააკეთო. ასეთი რამ ადრე არასოდეს მინახავს. ეს ყველა სფეროს ეხება: მეკარიდან დაწყებული, თავდამსხმელით დამთავრებული. ჩემი ყოფილი მწვრთნელებიდან ზოგიერთი უფრო დაცვაზე ამახვილებდა ყურადღებას, ზოგი – თავდასხმაზე. პეპი კი მთელ მოედანს მოიცავს. ის ნამდვილი საფეხბურთო გენიოსია“, – ამბობს ფეხბურთელი.
დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2010 წლის ივლისში, „ვალენსიადან“ გადავიდა და მას შემდეგ სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.