დაუშვილმა ტრავმის გამო დაისვენა - „აპოელის“ ქართველები ისევ ქეცბაიასთან დააფიქსირეს #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა, მაგრამ „აპოელის“ განაცხადში მურთაზ დაუშვილი არ გამოჩენილა – მან ყოფილ კლუბთან, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ სათასო მატჩიც გამოტოვა.
კვიპროსული მედიის ცნობით, მიზეზი ტრავმა, რომელიც სერიოზულია და ამის გამო 32 წლის ქართველ ნახევარმცველს, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდეს. ამის შესახებ „აპოელის“ წარმომადგენელმა ნექტარიოს პეტევინოსმა ისაუბრა. მისი თქმით, დაუშვილი ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე დაისვენებს.
კვიპროსულმა მედიამ კი საინტერესო კადრები დააფიქსირა – მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, რომლებმაც „ანორთოსისი“ ზაფხულში დატოვეს და „აპოელში“ გადავიდნენ, ისევ თემურ ქეცბაიას გარემოცვაში ნახეს, ოღონდ – ციხეში. საქმე ისაა, რომ სამი ქართველი კარგი მიზნით გაერთიანდა.
საფეხბურთო მატჩი კვიპროსის ერთ-ერთ ციხეში გაიმართა, სადაც სტუმრებისა და მსჯავრდებულების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. თუმცა მოედანზე მხოლოდ „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი გავიდა, დაუშვილი და ოქრიაშვილი მაყურებლები იყვნენ – პირველმა ტრავმის გამო არ ითამაშა, მეორემ – ტრავმის თავიდან ასაცილებლად.