დაუშვილი სწრაფად გამოჯანმრთელდა - არ არის გამორიცხული, ქართველი „აპოელს“ ბოლო ტურებში დაეხმაროს #1TVSPORT
ქართული სამეულის (თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი) „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის ემზადება – გუნდი ჩემპიონატში კონკურენტ „აპოლონს“ გასვლაზე დაუპირისპირდება, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ – საშინაო არენაზე.
ჯერ უცნობია, ამ მატჩებს მურთაზ დაუშვილი გამოტოვებს თუ არა. 32 წლის ნახევარმცველი მარტში დაშავდა, მაგრამ პროგნოზების საწინააღმდეგოდ, სწრაფად გამოჯანმრთელდა. კვიპროსული გამოცემა Goal.com.cy-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრავმისგან მომჯობინდა.
„მურთაზ დაუშვილმა ვარჯიშში დაიწყო და დატვირთვები გაზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სრულ გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა. 16 მარტს, ქართველ ნახევარმცველს კოჭზე ოპერაცია გაუკეთდა და სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მას მიმდინარე სეზონში თამაში ძალიან გაუჭირდება“, – წერს გამოცემა.
ამის მიუხედავად, Goal.com.cy-ი დარწმუნებით მაინც ვერ ამტკიცებს, რომ დაუშვილი მიმდინარე სეზონში აღარ ითამაშებს – წერილიდან ჩანს, რომ ამის მცირე შანსი მაინც არის.
„თუმცა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დაუშვილმა ითამაშოს. ორი მატჩია დარჩენილი და შესაძლებელია, სოფრონის ავგუსტისისმა (აპოელის მწვრთნელი) ერთ-ერთში მაინც გამოიყენოს. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელი შეაფასებს მის მდგომარეობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ ჩათვლის, რომ მაქსიმალურად მზადაა. ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, ახლა ყველა თამაში შეიძლება იყოს გადამწყვეტი და ასეთ დროს გარისკვა არ შეიძლება“, – წერს გამოცემა.