დაუმარცხებელი ისრაელ ადესანია დროებითი ტიტულისთვის კელვინ გასტელუმს დაუპირისპირდება
როგორც ჩანს, „იუ-ეფ-სი-ს“ (UFC) ხელმძღვანელობა არ აპირებს საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონ რობერტ ვაიტტეკერის ტრავმის მოშუშებას დაელოდოს. მოგეხსენებათ, ახალზელანდიელს ოპერაცია ესაჭიროება. ამის გამო ვაიტტეკერმა UFC 234-ში მონაწილეობა და კელვინ გასტელუმის წინააღმდეგ ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ახალზელანდიელი ოქტაგონზე დაბრუნებას.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, დანა ვაიტმა საშუალო წონითი კატეგორიის დროებითი ტიტულის ბრძოლა უკვე დააანონსა. 29 წლის დაუმარცხებელი ნიგერიელი ისრაელ ადესდანია (16:0) სწორედ კელვინ გასტელუმს დაუპირისპირდება. ადესანიამ რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულ ანდერსონ სილვას მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.
რაც შეეხება რობერტ ვაიტტეკერს, მოქმედი ჩემპიონი 2014 წლიდან დაუმარცხებელია. მას ზედიზედ ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული. ტრავმის მოშუშების შემდეგ, რობერტს სავარაუდოდ ისრაელ ადესანიასა და კელვინ გასტელუმს შორის გამარჯვებულთან ორთაბრძოლა მოუწევს.