დაბრუნება ოთხწლიანი პაუზის შემდეგ - დვალმა „ზესტაფონს“ დერბი მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
დაბრუნება ოთხწლიანი პაუზის შემდეგ - დვალმა „ზესტაფონს“ დერბი მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის გათამაშება დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგრამ ისეთი ამბავი მოხვდა, აღსანიშნავია – ტურნირის „ზედა ჯგუფის“ მესამე ტურში მოედანს ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი დაბრუნდა და თავი გოლით გამოიჩინა.

ეს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოხდა, სადაც ქალაქურ დერბიში „ზესტაფონმა“ თანაქალაქელ „მარგვეთი-2006-ს“ უმასპინძლა. ეროვნული ლიგა-3-ის საგზურისთვის მებრძოლ მასპინძლებს გამარჯვება და 3 ქულა ესაჭიროებოდათ და მიზანს სწორედ დვალის დახმარებით მიაღწიეს.

საქმე ისაა, რომ შეხვედრამდე „ზესტაფონს“ საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა, 4 წამყვანი მოთამაშე მოედანზე გასვლას ყვითელი ბარათების ლიმიტის გადამეტების, დისკვალიფიკაციისა და ტრავმის გამო ვერ ახერხებდა და შეტევაში საკადრო დეფიციტის შესავსებად გუნდის დამრიგებელმა ლევან ჯოხაძემ ზესტაფონელთა ყოფილ გოლეადორს, ჯაბა დვალს უხმო, რომელიც ამჟამად გენერალური დირექტორია.

ანგარიში 1:1 იყო, როდესაც დვალმა გაიტანა. 61-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად გარდასახა და გამარჯვება მოუტანა (2:1) „ზესტაფონს“, რომელიც 11 ტურის შემდეგ 20 ქულით მეოთხე ადგილზეა და „დინამო 2-სა“ და „ბორჯომს“ 5 ქულით ჩამორჩება.

ჯაბა დვალი საქართველოს 4-გზის ჩემპიონია (2004/05, 2010/11, 2011/12, 2012/13), არის საქართველოს თასის (2012/13) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011/12), ასევე იყო აზერბაიჯანის ჩემპიონი (2013/14) და მოლდოვის 3-გზის ვიცე-ჩემპიონი (2007/08, 2008/09, 2014/15). ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 2005/06 სეზონში 21 გოლით, ხოლო 2011/12-ში – 20 გოლით. კარიერა 2017 წელს ქობულეთის „შუქურაში“ დაასრულა.