დათო დარჩია - ამ თაობამ გულშემატკივრები სტადიონებზე და ტელეეკრანებთან დაგვაბრუნა, მჯერა, ევრო 2024-ზე გავალთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ სტუმარი რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით დარჩია იყო, რომელმაც ქართულ ფეხბურთზე, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე, ხვიჩა კვაარცხელიასა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.
„ჩემთვის ფეხბურთი „ლივერპულთან“ ჩვენი „დინამოს“ მოგების შემდეგ დაიწყო. ახლა უკვე მე-13 მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში ვარ. მას შემდეგ სანაკრებო და საკლუბო თამაშებს თვალს ვადევნებ. ბატონმა ვოვამ და მისი დროის „დინამოს“ თასის აღებამ ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭა. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან კარგად მახსოვს, ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრობა მას შემდეგ დავიწყე. სტილიც შესაბამისი მომწონს – ლამაზი ფეხბურთის მოყვარული ვარ.
დღეს, რა თქმა უნდა, უცხოური გუნდებიდან „ნაპოლის“ ვუყურებ. დედაჩემს და ჩემს შვილს ფეხბურთის ხალისი დაუბრუნდათ. დედა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის დროს სპექტაკლზე იყო და სახლში რომ მოვედით, „ნაპოლის“ მატჩი გადავახვიოთ და ვუყუროთო. ხვიჩაში შრომისმოყვარეობას ვხედავთ. ხომ იყო საუბრები, ვნახოთ, იტალიაში რას იზამსო. ამდენი თამაში გავიდა, რამდენი გოლი და პასი აქვს, მცველებს რამდენი ყვითელი ბარათები აკიდა – ეს ყველაფერი ხომ შედეგად ითვლება. ეს ბიჭი დღითიდღე უმატებს, უკან ჩამოსვლა დაიწყო, მცველებს ეხმარება და იზრდება. ერთადერთი ტრავმის მეშინია და ჯვარი წერია. ჩემთვის კი ახლა საუკეთესო ახალგაზრდებს შორისაა, როლებიც მალე გამორჩეულ სიტყვას იტყვიან. ჩემთვის კვარა ასეთია. თან როგორი თავდაჯერებულია. ერთხელ თუ არ გამოდის, მეორედ, მესამედ ცდილობს და პენალტს იკიდებს. დაახლოებით ისეა, როგორც ჩვენს პროფესიაში. კი ბატონო, დადგა რობერტმა (სტურუა) სპექტაკლი, რაღაც ხაზია, მაგრამ მსახიობი თუ მაგარია, იქ საკუთარ ფრაზას ან დეტალს ისე დაამატებს, საუკეთესო სპექტაკლი გამოვა.
ვილი სანიოლი? მსოფლიო ჩემპიონია, რა გუნდებში და ვისთან ერთად თამაშობდა – ამით ყველაფერია ნათქვამი. მჯერა, რომ 2024-ზე გავალთ, ძალიან მჯერა. ყველა მხრიდან უნდა შვეუტიოთ – ერთა ლიგიდანაც და ტრადიციული შესარჩევიდანაც. ამის სურვილიც არის და იმედიც. კვარა გასაგებია, ეს ბიჭი ფენომენია, მაგრამ საერთოდ ვიგრძენით, რომ ნაკრების ბიჭები მონდომებულები არიან, მაგარ ტემპში და ტექნიკურად თამაშობენ… ეგაა, ცენტრში გატუზო გვინდა, ხისტი ბიჭი, მაგრამ ეს ბიჭები თამაშობენ, მათში განვითარება ჩანს და ამან დაგვაბრუნა გულშემატკივრები სტადიონებზე და ტელეეკრანებთან.
ახალგაზრდულ ნაკრებსაც ვიცნობ. იქ კარგად უნდა დალაგდეს ეროვნულის წევრების დამატების საკითხი, რადგან კარგად შეთამაშებულ ნაკრებს უცებ 7 მოთამაშე რომ ჩახსნა, შეიძლება, პრობლემები შეიქმნას, თუნდაც ის დამატებულები სხვებს რომ სჯობდნენ, მაგრამ კვარას გამოყენება საჭირო და მნიშვნელოვანია“.