საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ფეხბურთელმა დათი ხოჭოლავამ, „საბურთალოზე“, მის აღზრდილებზე, ყოფილ კლუბთან დაკავშირებულ გეგმებზე, საქართველოს ნაკრებსა და მომავალ თაობაზე ისაუბრა.
„6 წლის ვიყავი, როდესაც გიორგი დევდარიანთან ფეხბურთის თამაში დავიწყე. მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩემთვის, მისი წვლილი დიდია, დღეს რომ ფეხბურთელი ვარ. თავდაპირველად, ფორვარდი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დევდარიანმა დაცვაში მათამაშა და მას შემდეგ ამ პოზიციაზე ვთამაშობ. როდესაც, „საბურთალოს“ აკადემიის პროექტი იწყებოდა, 10 წლის ვიყავი. აკადემიას პროფესიონალი ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში – ტარიელ ხეჩიკაშვილი, კახა ჭუმბურიძე, კახა კაშია… ხელმძღვანელებს მიზნად თავიდავე ჰქონდათ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, „საბურთალოს“ უმაღლეს ლიგაში უნდა ეთამაშა. მაშინ ჩემპიონატში მხოლოდ ჭაბუკთა ლიგის გუნდები ასპარეზობდნენ. გუნდის ხელმძღვანელებმა ეს ყველაფერი რეალობად აქციეს და რამდენიმე წელიწადში რამდენიმე ტიტული მოიგეს. იმ ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ, ვეტყვი, რომ აუცილებლად ბევრი უნდა იშრომონ და რეჟიმი დაიცვან, სხვანაირად წარმატება წარმოუდგენელია. გუნდთან ერთად საათნახევარი ვარჯიში არაა საკმარისი, სულ მუშაობა და შრომაა საჭირო“, – ამბობს ხოჭოლავა.
ეროვნული ნაკრების მცველმა „საბურთალოს“ გაზრდილებსა და გუნდთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა:
„ბავშვობა „საბურთალოში“ გავატარე, სხვაგან ასე კარგად ვერსად ვერ გავიზრდებოდი. ამ აკადემიაში ვთამაშობდი ყაზაიშვილთან, პარუნაშვილთან, კობახიძესთან და ჭანტურიასთან ერთად. შემდეგ გამოჩდნენ არაბული და დვალი. ახლა რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ რომ „საბურთალოს“ სკოლის გაზრდილები არიან: კუპატაძე, ალთუნაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი. ამ ფორმაციის ნაკრებში „საბურთალოს“ 8 აღზრდილი თამაშობდა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. „საბურთალოსთან“ ერთად ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ვისაუბრე ტარიელ ხეჩიკაშვილთან. შესაძლოა, „საბურთალოსა“ და „კოპენჰაგენის“ თანამშრომლობა შედგეს. კარგი ურთიერთობები მაკავშირებს დანიელებთან და ამის გამოყენებას ვეცდები. ნიჭიერმა ფეხბურთელებმა შესაძლოა სტაჟირება „კოპენჰაგენში“ გაიარონ, ასევე სხვადასხვა სახის ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა. მინდა, „საბურთალოს“ განვითარებას კიდევ უფრო ხელი შევუწყო. ამ კლუბსა და ყველა აქ მომუშავე პერსონალს ძალიან დიდ პატივს ვცემ“.
ხოჭოლავა იმედოვნებს, რომ ეროვნული გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს:
„ივნისის შეხვედრებში კარგად წარმოვაჩინეთ თავი, მომავალში კიდევ უფრო უნდა მოვუმატოთ, რომ უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენოთ. ჩანს, რომ ყველა ეროვნული ნაკრების ირგვლივაა შეკრული, რაც სასიამოვნო ფაქტია. დიდი თუ პატარა ყველა ფეხბურთსა და ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებზე საუბრობს. გვსურდა, ივნისის მატჩებში 12 ქულა დაგვეგროვებინა, თუმცა არც 10 ქულაა ურიგო. წინ რთული და საინტერესო მატჩები გველის. ერთმანეთის გვერდში დგომით, ვფიქრობ წარმატება გვექნება და ყველა ერთად გავიხარებთ. ეროვნული ნაკრების მაისურით „დინამო-არენაზე“ თამაში, სულ სხვა ემოციებს და განცდებს იწვევს. ევროპაში, ბევრ ისტორიულ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ჩვენს არენას ვერაფერი შეედრება. ძალიან ვიმუხტები, როდესაც გადაჭედილ „დინამო-არენას“ ვხედავ, როდესაც ყველა შენს გვერდითაა და მხოლოდ გამარჯვებას ელიან“.
დანიაში გადასვლამდე ხოჭოლავა დონეცკის „შახტარში“ თამაშობდა, სადაც რამდენიმე კარგი სეზონი ჩაატარა. მან გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ილაპარაკა:
„თავიდან ოდესაში ვთამაშობდი, იქაურობაზე ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. „შახტარი” მაღალი დონის კლუბია, რომელიც ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, რომელიც ევროტურნირებიდან საუკეთესოა. ამ გუნდში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვერ ვთამაშობდი და გადავწყვიტე, იქ გამეგრძელებინა კარიერა, სადაც ხშირად მომიწევდა თამაში. დანიელებს ადრეც ჰქონდათ ჩემი გადაბირების სურვილი და ორი წელი მელოდნენ, „შახტარმა” ჩემს სანაცვლოდ ზომიერი თანხა მოითხოვა და ხელი არ შემიშალა. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს, მეუღლე უკრაინელია და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. ხშირად მაქვს კავშირი, მათ ამბებს ვგებულობ. იდეის დონეზე არის საუბრები, რომ სექტემბრიდან დაიწყოს ჩემპიონატი, თუმცა ერთ ქალაქში, კიევში ან ლვოვში“.