„დარიო ასი“ - „ატლეტიკთან“ მამარდაშვილიც საკვანძო ფიგურა იყო [ვიდეო] #1TVSPORT
პირველად ისტორიაში, ქართველ ფეხბურთელს ესპანეთის თასის ფინალში თამაში შანსი გაუჩნდა – „ვალენსიამ“ განმეორებით შეხვედრაში ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამარცხა (1:0) და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გავიდა, გიორგი მამარდაშვილმა კი ესპანეთში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
პოპულარული ესპანური გამოცემა საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშს ერთ-ერთ იმ მიზეზად ასახელებს, რამაც „ვალენსიას“ წარმატება განაპირობა:
„ოთხშაბათს საღამოს „ვალენსია“ ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, რომელიც 23 აპრილს გაიმართება. ეს შედეგი მიღწეულია გონსალო გედეშის გოლისა და კარგი დაცვის წყალობით. ბორდალასმა ხელახლა ათამაშა გუნდი სამი ცენტრალური მცველით, რაც გაბრიელ პაულისტას დაბრუნებამ განაპირობა. მიმდინარე სეზონზე პირველად „ვალენსიას“ ბურთი ზედიზედ ორ მატჩში არ გაუშვია. გარდა დაცვის სისტემისა, „ატლეტიკთან“ შეხვედრაში საკვანძო ფიგურა იყო კიდევ ერთი მოთამაშე – მამარდაშვილი. ქართველმა მეკარემ ოჯახთან ერთად „მესტალიას“ ტრიბუნაზე მხურვალედ იზეიმა პირველ ესპანურ ფინალში გასვლა. მან კარის უსაფრთხოება დაიცვა და გუნდი რეალური საფრთხისგან ორჯერ იხსნა. მართალია, „ატლეტიკმა“ კარში შედარებით ნაკლებად დაარტყა (მხოლოდ 7 დარტყმა), თუმცა მამარდაშვილი ბრწყინვალე იყო იმ მომენტში, როდესაც ინაკი უილიამსს შეხვედრის ბედის შეცვლა შეეძლო“, – წერს ესპანური გამოცემა.
გუნდმა ესპანეთის თასის ფინალში გასვლა ემოციურად აღნიშნა, რაზეც „ვალენსიას“ გასახდელში გადაღებული ვიდეოც მეტყველებს. გუნდს გულშემატკივრები სტადიონის გარეთ დახვდნენ და ასევე ემოციური გაცილება მოუწყვეს.