დარჩა სამედიცინო შემოწმება - დვალისა და „აპოელის“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა #1TVSPORT
ლაშა დვალისა და ნიქოზიას „აპოელის“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებველი არ მოხდა, საქართველოს ნაკრების მცველი კვიპროსულ გუნდში ჩაირიცხება – ინფორმაციას გამოცემა Balla ავრცელებს.
„ნიქოზიას „აპოელის“ სატრანსფერო მოლაპარაკებები წარმატებით გრძელდება. უახლოეს საათებში მოსალოდნელია განცხადება ახალ ტრანსფერზე – თუ ყველაფერი კარგად იქნება ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით და „აპოელი“ მოასწრებს ტრანსფერის იურიდიულად გაფორმებას, ორ მნიშვნელოვან პოზიციაზე მოთამაშეს დაიმატებენ – ერთს დაცვაში და მეორეს შეტევაში. დენი ბლუმი და ლაშა დვალი, სავარაუდოდ, მომდევნო ორი მოთამაშე იქნებიან „ბოტევის“ წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხო მატჩის წინ“, – წერს გამოცემა Balla.
შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშში“ სამი წლის განმავლობაში თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ნიქოზიას „აპოელი“ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის მე-2 მატჩში ბულგარეთის გუნდს, პლოვდივის „ბოტევს“ 28 ივლისს საკუთარ მოედანზე მიიღებს – პირველი მატჩი პლოვდივში 0:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ „აპოელში“ გასულ სეზონზეც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა – ორი მათგანი ისევ კლუბშია, მურთაზ (ბუბა) დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი კი სამხრეთ კორეაში წავიდა.