დარასელიას თასზე „ესპანიოლი“, „ჯენოა“ და „ვიტესი“ ითამაშებენ
დარასელიას თასზე „ესპანიოლი“, „ჯენოა“ და „ვიტესი“ ითამაშებენ

24-29 აპრილს, ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს.

წელს „დარასელიას თასს“ 15-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდები გაითამაშებენ.

თბილისური კლუბის ინფორმაციით, ტურნირში 8 კლუბი ითამაშებს. მათ შორის ორი ქართველი იქნება „დინამო თბილისი“ და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდი.

რაც შეეხება უცხოელებს, საქართველოს ესტუმრება შარშანდელი გამარჯვებული კიევის „დინამო“, „ესპანიოლი“, იტალიური „ჯენოა“, ჰოლანდიური „ვიტესი“, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“ და მინსკის „დინამო“. მატჩები „დინამოს“ აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალს „დინამო არენა“ უმასპინძლებს.

2017 წელს, დარასელიას თასის ფინალში „აზ ალკმაარი“ და კიევის „დინამო“ გავიდნენ და შეხვედრა უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა.