დაპირისპირება ჩაკვეტაძის გუნდში - უკრაინელმა თავდამსხმელმა კიევის „დინამოსთან“ თამაში არ ისურვა
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა რომან იარემჩუკმა „გენტთან“ ერთად კიევში გამგზავრებაზე უარი განაცხადა, სადაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ადგილობრივ „დინამოს“ წინააღმდეგ განმეორებითი მატჩი ელოდა.
იარემჩუკი ამ გუნდების პირველ შეხვედრაში დაშავდა. როგორც გამოცემა „ნიუსბლადი“ წერს, ფეხბურთელი მომჯობინდა, მაგრამ კიევში გაფრენაზე უარი თქვა.
„უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი უფრო ძლიერ კლუბში გადასვლას ელოდება და არ სურს ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნას. იარემჩუკის პოზიციამ „გენტის“ ხელმძღვანელობაში გაოცება გამოიწვია. გაითვალისწინეთ, რომ ბელგიური კლუბი ისედაც საკადრო პრობლემებს განიცდიდა – სვენ კუმსი, გიორგი ჩაკვეტაძე და ვადის ოდიჯა-ოფოე ტრავმირებულები იყვნენ, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო მატჩი კიდევ ერთმა უკრაინელმა რომან ბეზუსმა გამოტოვა,“ – წერს „ნიუსბლადი“.
გამოცემა მოთამაშესა და კლუბს შორის კონფლიქტის მიზეზებზე წერს:
„ჩვენი ინფორმაციით, რომან იარემჩუკსა და „გენტის” მენეჯმენტს შორის ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი არსებობს. ფეხბურთელს კლუბის შეცვლა სურს, რადგან მის თვალში გუნდი მთლიანად დეგრადირებულია“.
შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამომ“ ორივე მატჩში გაიმარჯვა – პირველში 2:1 მოიგო, მეორეში – 3:0 და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ორივე შეხვედრა გამოტოვა.