დანიურმა კლუბმა გამოსავალი იპოვა - გულშემატკივრობა პარკირებული ავტომობილებიდან
დანიაში სეზონის განახლებას 21-დან 31 მაისის ჩათვლით აპირებენ. მაგრამ „კოვიდ 19-ის“ გავრცელების საფრთხის გამო, სტადიონებზე მაყურებელს არ დაუშვებენ. ამის გამო, დანიურმა საფეხბურთო კლუბმა „მიდტიულანდმა“ გულშემატკივარს და სუპერლიგის სხვა გუნდებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზა.
„მიდტიულანდის“ წინადადება კლასიკური კინოთეატრების მსგავსი მოდელის გამოყენებას გულისხმობს, ოღონდ – ავტომობილებიდან. გუნდმა გულშემატკივრები სეზონის განახლების მატჩებზე უკვე მიიწვია და მათ თამაშების ხილვა სტადიონის მახლობლად მდებარე ავტოსადგომებიდან შესთავაზა. პარკირებულ მანქანებში მსხდომი გულშემატკივრები გიგანტურ ეკრანებზე მატჩის ხილვას შეძლებენ და ამავე დროს, სოციალური დისტანციას დაიცავენ.
„დასაწყისში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ავტოსადგომებზე 2,000 მანქანა დავატიოთ, თითოეულში კი ჩასხდომას ხუთი გულშემატკივარი შეძლებს. თუ ეს წარმატებული მოდელი გამოდგება, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, პარკირების ტევადობა 12,000 მანქანამდე გავზარდოთ“, – განაცხადა გუნდის პრესსპიკერმა მადს ჰვიდი იაკობსენმა.
ინიციატივა გულშემატკივრებს მოეწონათ. ეს ნიშნავს, რომ გაზრდილი რაოდენობის პარკირებით სტადიონზე 60,000-მდე ადამიანი დაეტევა. თუმცა, ცხადია, „მიდტიულანდის“ თამაშზე ამდენი მაყურებელი არ მივა, რადგან ჰერლინგის მუნიციპალიტეტში 87,000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო საფეხბურთო არენა 11,800 მაყურებელს იტევს.