დანიურმა ტაბლოიდმა „ბე-ტემ“ (BT) დანიის სუპერლიგის სატრანსფერო ბაზრის სიახლეები მიმოიხილა და ამტკიცებს, რომ „რანდერსის“ ქართველი თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე ცნობილ დანიურ კლუბ „ბრონდბიუს“ სამიზნედ იქცა.
„სუპერლიგის კლუბ „რანდერსის“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ზაფხულში „ბრონდბიუსთვის“ ცხელი ვაჭრობის თემა იქნება. საბა ლობჟანიძემ ორშაბათს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში გოლი დანიას გაუტანა. ლობჟანიძემ სპეციალისტებს თავი დადებითად გააცნო სუპერლიგაშიც – გასული ორი სეზონის განმავლობაში ის „რანდერსში“ გამოდიოდა. მაგრამ ფეხბურთელმა ნათლად მიანიშნა, რომ სატრანსფერო პერიოდში მას უფრო დიდი მიზნების მქონე კლუბში გადასვლა სურს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც „რანდერსს“ ქართველზე დაელაპარაკა, „ბრონდბიუ“ გახლავთ“, – ამტკიცებს ტაბლოიდი.
„ბე-ტე“ წერს, რომ „ბრონდბიუს“ ხელმძღვანელებმა უკვე იკითხეს „რანდერსში“, რა დაუჯდებათ ქართველის ტრანსფერი.
შეგახსენებთ, რომ „ბრონდბიუ“ დანიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მისი ფორმით უთამაშიათ დანიური ფეხბურთის ლეგენდებს – პიტერ შმეიხელს, კიმ ვილფორტს, ბრიან და მიხაელ ლაუდრუპებს.