დანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ფრე ითამაშა და პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდა #1TVSPORT
დანიის ნაკრებთან მატჩში სერბეთს მოგება სჭირდებოდა, რომ ჯგუფში არ ჩარჩენილიყო. თუმცა ვერც ერთმა გუნდმა და ვერც მეორემ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
ფაქტები
- მატჩს დაესწრო სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც მატჩამდე მოედანზეც გავიდა. გულშემატკივრები დიდი ოვაციით და „ნოლეს“ შეძახილით შეხვდნენ.
- დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე პლეი ოფში 8 მცდელობიდან 4-ჯერ გავიდა. ზედიზედ მეორედ მხოლოდ ამჯერად მოხერხა ჯგუფური ბარიერის გადალახვა.
- სერბეთს ევროპის ჩემპიონატებზე 13 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, ისიც 24 წლის წინ ნორვეგიასთან. მაშინ ეს ქვეყანა იუგოსლავიის სახელით გამოდიოდა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. დანიას ბურთის ფლობის მცირე უპირატესობა კი ჰქონდა (55:45), მაგრამ სახიფათო მომენტებში სკანდინავიელთა უპირატესობა აშკარა იყო. დანიამ ბურთი 6-ჯერ დაარტყა, სერბეთმა ვერცერთხელ.
როგორც მოსალოდნელი იყო, სურათი დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა. სერბეთმა შეტევაში თამაში ოდნავ გააუმჯობესა, თუმცა მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ინგლისი, თანაბარქულიანმა სლოვენიამ და დანიამ კი მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს. ორივე გუნდი პლეი ოფში გავიდა.
მერვედფინალში ინგლისი 30 ივნისს გელზენკირხენში D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო დანია 29 ივნისს დორტმუნდში გერმანიას დაუპირისპირდება. რაც შეეხება სლოვენიას, ეს ნაკრები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდება და პლეი ოფში ან E ჯგუფის გამარჯვებულს ეთამაშება, ან პორტუგალიას.
ამ ჯგუფში თამაშების დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.