დანიელე მასარო – სასიამოვნოა, რომ „მილანის“ პროექტი საქართველოშიც განხორციელდა #1TVSPORT

12:44, 11.09.2025

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, დანიელე მასარომ კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე „მილანის“ საზაფხულო კემპზე.

„ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ „მილანის“ ახალგაზრდული ბანაკის პროექტი საქართველოშიც განხორციელდა. „მილანის“ სულისკვეთების, ღირებულებებისა და ვარჯიშის მეთოდების ახალ ქვეყნებში გაზიარების ყოველი შესაძლებლობა დიდი პატივია. ფეხბურთის ახალგაზრდა მოყვარულებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვანი კვალი დავტოვოთ მათ სპორტულ კარიერასა და პიროვნულ განვითარებაზე“, – ამბობს მასარო.

„მილანის“ საზაფხულო კემპი თბილისში 8 სექტემბერს დაიწყო და 14-ში დასრულდება. ორგანიზატორები შპს „სპორტ კორპორეიშენის“ დამფუძნებლები – გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ციპრიანი და გურამ კაჭახიძე არიან. სავარჯიშო პროცესები ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ ცენტრში ტარდება.

დანიელე მასარო „მილანში“ 1986-95 წლებში თამაშობდა (209 მატჩი, 51 გოლი), 1982-94 წლებში იტალიის ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. არის იტალიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, სამჯერ – სუპერთასის გამარჯვებული. ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ხოლო სამჯერ – უეფა-ს სუპერთასი.

1982 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე იყო იტალიის ნაკრების განაცხადში. 1994 წელს მექსიკასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში (1:1) გოლი გაიტანა, რამაც გუნდი პლეი ოფში გაიყვანა, თუმცა ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ პენალტების სერიაში არაზუსტად დაარტყა.

მასარო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიის პლაჟის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო. ამჟამად მილანში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.

მსგავსი