ვლადიმირ ვაისი - დანიასთან შეხვედრის შედეგი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში
ვლადიმირ ვაისი - დანიასთან შეხვედრის შედეგი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში

დანიასთან შეხვედრის შედეგი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში, – ასე შეაფასა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიასთან ფრედ 0:0 დასრულებული მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა.

სლოვაკმა სპეციალისტმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ასე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან მოგებას არ გაუხარებია.

„საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ეს ჩვენი საუკეთესო შედეგი იყო, უკეთესიც კი, ვიდრე ესპანეთთან გასვლაზე გამარჯვება. უნდა გავითვალისწინოთ, რა დონის გუნდს ვხვდებოდით – დანია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ტოპ ათის გუნდებშია. მათ შემადგენლობაში კრისტიან ერიქსენი და სხვა ფანტასტიკური ფეხბურთელები თამაშობენ“, – აცხადებს ვლადიმირ ვაისი.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა ფრეს სათამაშო დისციპლინის დაცვით მიაღწია.

„ჩვენთან რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა, მაგრამ დანიის წინააღმდეგ ხარისხი და ხასიათი ვაჩვენეთ, ტაქტიკური დისციპლინაც მაღალ დონეზე იყო. ამისთვის ბიჭებს მადლობას ვუხდი. საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებდა, მეორე ტაიმში კი დანიელთა კარის აღების რამდენიმე შანსიც გვქონდა“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ვლადიმირ ვაისმა ფრანგი მსაჯების გადაწყვეტილებების შეფასებისას დიპლომატიურად ილაპარაკა.

„იმ ეპიზოდში, როდესაც გულშემატკივრები პენალტს ითხოვდნენ, მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ჩემთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას, სახალისო იყო და თავი ისევ ფეხბურთელად ვიგრძენი“, – აღნიშნა ვაისმა.