ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში გამართული UFC-ის ბოლო ქარდი (Vegas 16) ქართველი მებრძოლებისთვის წარმატებული გამოდგა. რომან დოლიძემ ჯონ ალანი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ილია თოფურიამ კი დეიმონ ჯექსონს პირველივე რაუნდში ეფექტური ნოკაუტით სძლია. UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის ბრწყინვალე გამარჯვება უყურადღებოდ არ დატოვა.
Vegas 16-ის საღამოს საუკეთესო ბრძოლად მარვინ ვეტორისა და ჯეკ ჰერმანსონის დაპირისპირება გამოცხადდა. ორივე მებრძოლი ბონუსის სახით $50 000 დოლარს მიიღებს.
საუკეთესო პერფორმანსისთვის ბონუსები ჯორდან ლევითსა და გაბრიელ ბენიტეზს ერგოთ. პრესკონფერენციაზე დანა ვაიტმა განაცხადა, რომ ბონუსების მფლობელების გამოვლენა მისთვის ამ ღონისძიებაზე განსაკუთრებით რთული იყო. პორტალ MMAJUNKIE-ის ჟურნალისტმა პრომოუშენის პრეზიდენტს შეახსენა, რომ მისი აზრით ილია თოფურია და ჯამაჰალ ჰილიც იმსახურებდნენ ამ ჯილდოს, რაზეც ვაიტმა უპასუხა, რომ თოფურიასა და ჰილის გამოსვლას უყურადღებოდ არ დატოვებდა. როგორც შემდგომ გაირკვა ილია და ჯამაჰალი ჰონორართან ერთად დანამატს მიიღებენ. კონკრეტული თანხა არ დასახელებულა.