გუშინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ანაჰეიმში, 17 აგვისტოს გასამართი ერთ-ერთი ბრძოლა დააანონსა.
როგორც ირკვევა, ოქტაგონს ნეიტ დიაზი უბრუნდება. მისი მეტოქე ენტონი პეტისი იქნება. ამ ინფორმაციას უკვე „ი ეს პი ენიც“ (ESPN) ავრცელებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა, რომ მებრძოლებსა და ორგანიზაციას შორის მოლაპარაკება ფაქტობრივად დასრულებული იყო.
ენტონი პეტისმა საკუთარი უკანასკნელი ბრძოლა სტეფემ ტომპსონთან შთამბეჭდავი ნოკაუტით მოიგო.
შეგახსენებთ, რომ პეტისმა წონითი კატეგორია შეიცვალა, ის ადრე მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა, ამჟამად კი ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში გამოდის.
ნეიტ დიაზი კი ოქტაგონზე 2016 წლის აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილა, მას შემდეგ რაც კონორ მაკგრეგორთან განმეორებითი დაპირისპირება მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო.