საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ფალავნობა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გურამ გასიტაშვილი გახდა, ზვიად ოდიშაშვილის გამარჯვებით დასრულდა 70 კგ წონითი კატეგორია. ფალავნობის გამარჯვებულები ასევე გახდნენ გიორგი კაციაშვილი (80 კგ), გიორგი მელაძე (90 კგ) და გიორგი ქავთარაძე (+90 კგ). მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში ქავთარაძემ გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა.
ტურნირში, რომლის საპირზო ფონდი 5 000 ლარი იყო, მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ქართული ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა ოფიციალური პირები და გულშემატკივრები.
ტურნირის მონაწილეებმა და ჩასულმა სტუმრებმა გვირგვინით შეამკეს შინდისის გმირთა მემორიალი. ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად გაიმართება.