„დალასს" პორზინგისის გაძევებამ წააგებინა - პლეი ოფის მატჩების მიმოხილვა
„დალასს" პორზინგისის გაძევებამ წააგებინა - პლეი ოფის მატჩების მიმოხილვა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ოთხი მატჩით გაიხსნა. ოთხივეში გამარჯვება მოიპოვეს განთესვის უფრო მაღალი ნომრის მფლობელმა გუნდებმა…

 

დენვერი-იუტა 135:125 (ო)

პლეი ოფის დღის ყველაზე დაძაბული მატჩით გაიხსნა. „დენვერისა“ და „იუტას“ მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. დამატებითი დროის გმირი ჯამალ მიურეი აღმოჩნდა – თავისი 36 ქულიდან 10 მან სწორედ ოვერტაიმში მოიპოვა. მოგებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ნიკოლა იოკიჩმა, რომელსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა – 29 ქულა და 10 მოხსნა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, „იუტას“ მცველი დონოვან მიტჩელი იყო – მან 57 ქულა დააგროვა, თუმცა მხოლოდ ექვსი ქულა აიღო ოვერტაიში. სხვათა შორის, 57 ქულა პლეი ოფის ისტორიაში მესამე შედეგიანობაა.

 

კლიპერსი-დალასი 118:110

„კლიპერსმა“ დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი „დალასთან“ სერიის პირველ მატჩში, თუმცა, გაუჭირდა ამის გაკეთება. მესამე მეოთხედის პირველ წუთებში „მავერიქსი“ ხუთი ქულით იგებდა, როცა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა კრისტაპს პორზინგისმა მეორე ტექნიკური ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა. ამას მაშინვე „კლიპერსის” 9:2 გაქცევა მოჰყვა და ლოსანჯელესურ კლუბს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ლუკა დონჩიჩმა მორიგი რეკორდი დაამყარა – მის ანგარიშზე 42 ქულა იყო. აქამდე NBA-ის ისტორიაში ასეთი შედეგიანობა პლეი ოფში დებიუტისას არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია. გარდა ამისა, დონჩიჩმა კინაღამ პლეი ოფის ერთი ანტირეკორდიც დაამყარა – სლოვენიელმა 11 შეცდომა დაუშვა, რაც ერთით ნაკლებია აბსოლუტურ ანტირეკორდზე, რომელიც 2015 წელს ჯეიმს ჰარდენმა დაამყარა.

 

ტორონტო-ბრუკლინი 134:110

მოქმედმა ჩემპიონმა მოგებით დაიწყო პლეი ოფი, თან პირველივე მატჩში რეკორდი დაამყარა – 134 ქულა კანადურ გუნდს პლეი ოფის ერთ თამაშში არასოდეს დაუგროვებია.

„ტორონტომ“ პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა მეორე მეოთხედისთვის უკვე 33 ქულით იყო დაწინაურებული. მართალია, მეოთხე მეოთხედის სტარტზე „ბრუკლინმა“ ცხრა ქულამდე შეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ ჩემპიონმა მალე დაიბრუნა სოლიდური უპირატესობა.

 

ბოსტონი-ფილადელფია 109:101

ჯეისონ ტეიტუმმა პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა – 32 ქულა ჩააგდო, რასაც ჯეილენ ბრაუნის 29 ქულა დაემატა.

„ბოსტონი“ ბოლო მეოთხედის წინ ოთხ ქულას აგებდა, მაგრამ ბოლო 12-წუთეულში 34:22 მოიგო, ძირითადად, ბრაუნის წყალობით, რომელმაც თამაშის ამ მონაკვეთში 15 ქულა აიღო.

ბოლო მეოთხედში „სელტიქსმა“ მუხლის ტრავმის გამო გორდონ ჰეივორდი დაკარგა. ჯერჯერობით, მისი დაზიანების ხარისხის შესახებ დაწვრილებით არაფერია ცნობილი.

„ფილადელფიაში“ საუკეთესო იყო ჯოელ ემბიდი, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა. „სიქსერზი“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის ბენ სიმონსის გარეშე თამაშობდა, რომელიც, სავარაუდოდ, პლეი ოფის ბოლომდე ვერ დაეხმარება თავის გუნდს.