დალასის ზედიზედ მეექვსე მარცხი, ლეიკერსის წარუმატებელი სერია ჩიკაგოში შეწყდა
13:06, 13.03.2019
მორიგი მატჩები ჩატარდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გრძელდება დალას „მავერიქსის“ წარუმატებელი სერია. რიკ კარლაილის გუნდმა ამჯერად ტეხასის დერბი საკუთარ მოედანზე, სან ანტონიო „სფერსთან“ დათმო ანგარიშით 105-112. „მავერიქსისთვის“ ეს ზედიზედ მეექვსე მარცხი გამოდგა, ბოლო 14 შეხვედრაში კი 12-ე დაპირისპირება წააგო. ამ შედეგების გათვალისწინებით, დალასელები დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერებად იქცნენ. დღევანდელ თამაშში სტუმრებს დემარ დე როუზანმა ულიდერა 33 ქულით. 28 ქულა გააკეთა ლამარკუს ოლდრიჯმა. მასპინძელთა შორის ჯალენ ბრანსონი იყო გამორჩეული 34 ქულით. რაც შეეხება ლუკა დონჩიჩს, სლოვენიელი კალათბურთელის ანგრიშზე 12 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დაფიქსირდა. სან ანტონიო, „მავერიქსისგან“ განსხვავებით, ფორმაში შევიდა. პოპოვიჩის გუნდმა უკანასკნელი ექვსი მატჩიდან, ყველა მოიგო და დასავლეთში, 6-ე ადგილზე იმყოფება.
ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ, მოიგო ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“. კალიფორნიელებმა, ლებრონ ჯეიმსის ლიდერობით, ჩიკაგო „ბულზი“ სტუმრად დაამარცხეს, ანგარიშით 123-107. ლებრონმა თავის გუნდს 36 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. გამარჯვების მიუხედავად, ლუი ვოლტონის გუნდი საპლეიოფო ზონასთან კვლავ საკმაოდ შორს იმყოფება და საუკეთესო რვაში მოხვედრა გაუჭირდება. „ლეიკერსის“ მომდევნო მეტოქე, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთერთი ლიდერი, ტორონტო „რეპტორსი“ იქნება.