ესპანეთის პოლიციამ დაასრულა წარსულში ცნობილი ესპანელი სამთო მოთხილამურის, ბლანკა ფერნანდეს ოჩოას ძებნის ოპერაცია, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მარკამ“.
56 წლის ოჩოა ბოლოს 23 აგვისტოს, ავტომობილის საჭესთან დაინახეს. ის სახლიდან მობილური ტელეფონის გარეშე გავიდა, საბანკო ბარათები კი არ გამოუყენებია. საბოლოოდ, ფერნანდესის ქალიშვილმა ოლივია ფრესნედამ პოლიციას მიმართა და საქმეში ესპანეთის ეროვნული პოლიცია ჩაერთო.
სამი დღის განმავლობაში ყოფილ სპორტსმენს მადრიდის ჩრდილოეთით, სამთო მასივში ეძებდნენ, მაგრამ მხოლოდ მისი “მერსედესი” აღმოაჩინეს. ოთხშაბათს კი სამოქალაქო გვარდიამ უკვე ქალის გვამიც იპოვნა. ნათესავებმა ამოიცნეს ოჩოა.
იტყობინებიან, რომ სხეული ავტომობილიდან ორნახევარი საათის სავალ მანძილზე იპოვნეს. ოჩოა შვიდი-ათი დღის წინ არის გარდაცვლილი.
ოჩოა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ესპანელი ქალი პრიზიორია. მან 1992 წელს, ალბერვილში გიგანტურ სლალომში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთს ისტორიაში მხოლოდ ორი მედალი აქვს ზამთრის ოლიმპიადებზე. მეორე ჯილდო ბლანკას უფროსმა ძმამ – ფრანსისკო ფერნანდეს ოჩოამ მოიპოვა. მან მოიგო ოქრო 1972 წელს, საპოროს ოლიმპიადის სლალომში.